ანა დოლიძე „ნამოხვანჰესზე“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„მივმართავ პარლამენტს მოთხოვნით, რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით. საზოგადოებაში მრავალი პასუხგაუცემელი კითხვაა, რომელსაც პრობლემის მშვიდობიანად დასრულებისთვის აუცილებლად ესაჭიროება სამართლებრივი და კვალიფიციური პასუხის გაცემა”- პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.­მან აღნიშნული მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას სახელზე განცხადება შეიტანა.

“ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით 200 დღეზე მეტია მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, საზოგადოებაში არსებობს მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელსაც პრობლემის მშვიდობიანად დასრულებისთვის აუცილებლად ესაჭიროება სამართლებრივი და კვალიფიციური პასუხის გაცემა. როგორც ცნობილია, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება შექმნილია სახელმწიფოს მიერ და დადებულია საქართველოს მთავრობასა და შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ (შემდგომში „ენკა რინუებლზი) შორის. სწორედ ეს ხელშეკრულება იწვევს ბევრ გაურკვევლობას. ამიტომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე სრულად ეკისრებათ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომლებიც ღიად არ ესაუბრებიან ხალხს და არ ცდილობენ პასუხის გაცემას ბევრ იმ საეჭვო გარემოებაზე, რაც ხელშეკრულებაშია აღმოჩენილი. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გამოსავლად მიმაჩნია, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე დაყრდნობით და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 61-ე მუხლის „დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის საფუძვლებით“, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს შესაბამისი რეაგირების მიზნით და ამით ყველა არსებულ კითხვას გასცემს პასუხს”, – აღნიშნა ანა დოლიძემ.