“ანგარიშს 2023 წელს წარვადგენთ, ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, საფუძვლიანად იმუშაონ პრიორიტეტებზე“–ევროკომისიის წარმომადგენელი

ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლისთვის მოამზადებს. ამის შესახებ განცხადება დღეს  ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების მთავარი დირექტორატის (DG-NEAR) წარმომადგენელმა, მიხაელ რუპმა, ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, გაფართოების პაკეტში პრიორიტეტების შესახებ ანგარიშს 2023 წელს წარვადგენთ. ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, რომ საფუძვლიანად იმუშაონ პრიორიტეტებზე, – თქვა მაიკლ რუპიმ ევროპარლამენტში გამოსვლისას, სადაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის პროექტი წარადგინეს.

„რასაკვირველია, რუსულმა აგრესიამ შეცვალა გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს დიდი მხარდაჭერა რეგიონის მიმართ კომისიის მიდგომასთან დაკავშირებით. კომისიამ დაამტკიცა 17 ივნისს დასკვნა, შემდეგ ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა ჩვენი რჩევა და მოხარული ვართ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაშინვე, როდესაც მოგვარდება რიგი პრიორიტეტები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დაინტერესებული ვართ იმით, რომ საქართველომ იმუშაოს ბევრი, ღრმად და საფუძვლიანად ამ პრიორიტეტებზე. ამიტომ ფრთხილი განსჯის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მათ მცდელობებში, მოახდინონ ქვეყნის დეპოლარიზაცია, დასხდნენ ერთ მაგიდასთან, ზედმიწევნით იმუშაონ რეფორმებზე. ამიტომ ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, გაფართოების პაკეტში პრიორიტეტების შესახებ ანგარიშს 2023 წელს წარვადგენთ. ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, რომ საფუძვლიანად იმუშაონ პრიორიტეტებზე“, – აღნიშნა ევროპული კომისიის წარმომადგენელმა.