ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ შეიძლება პირბადის ტარების წესის დარღვევა დასჯადი გახდეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტში მუშავდება კანონპროექტი, რომელის მიხედვით, შესაძლოა, დასჯადი გახდეს პირბადის ტარების წესის დარღვევა როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში.

“მიზანშეწონილია, რომ გაიწეროს დეტალურად, რა ტიპის დარღვევების პრევენცია არის აუცილებელი. ასევე, განისაზღვროს შესაბამისი სანქცია დეტალურად, რაც უნდა იყოს პროპორციული პასუხისმგებლობასთან. უნდა იყოს რაციონალური სანქცია, რომ ის ჩვენს საზოგადოებას მძიმე ტვირთად არ დააწვეს და ამასთანავე, ეფექტიანად უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. აუცილებელია დეტალურად გაიწეროს ყველაზე ხშირად ჩადენადი და გამოვლენადი დარღვევები, რომელთა მიმართაც საჭიროა ბრძოლა,”- თქვა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია. უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ადამიანებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

“ალბათ ყველას კარგად გვესმის, რომ პირბადეების ტარება არის ნომერი პირველი აუცილებლობა, რომ დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. პირბადეები არის სავალდებულო და თუ ვინმე არ დაიცავს წესს, რა თქმა უნდა, ამისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ამას სჭირდება სისტემური მიდგომა, თუ რა ტიპის დარღვევების შემთხვევაში, რა ტიპის სანქციები იქნება განსაზღვრული. თქვენ იცით, ჯანდაცვის წესები, რომ აუცილებელია შენობაში პირბადით სიარული, როცა კომუნიკაციაში შედის მოქალაქე სხვა ადამიანთან აუცილებელია პირბადის ტარება, ღია სივრცეშიც, თავშეყრა როცა ხდება გარკვეული ადამიანების, იქაც საჭიროა პირბადე, რომ არ მოხდეს ვირუსის შესაძლო გადაცემა,” – განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, დაწესდება თუ არა ჯარიმა ღია სივრცეებში პირბადის წესის დარღვევის შემთხვევაში, ანრი ოხანაშვილი პასუხობს, შესაძლოა, ეს საკითხიც დაექვემდებაროს დარეგულირებას.