ან უერთდები ევროკავშირსა და ნატოს, ან კვდები – პავილიონისი

”ან ევროკავშირს და ნატოს უერთდები, ან კვდები, ამიტომ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს ” ცოტა ხნის წინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დასრულდა შეხვედრა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისსა და ნიკა მელიას შორის.  შეხვედრის დასრულების შემდეგ, პავილიონისმა და მელიამ მედიასთან კომენტარი გააკეთეს. ლიეტუველმა პოლიტიკოსმა მოუწოდა ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და დაიწყოს ხიდების აგება მომავლისთვის.

“არის ორი არჩევანი – ან საქართველო წავა ლიეტუვის გზით, რომელიც გულისხმობს სვლას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ან წავა სხვა გზით. აღსანიშნავია, რომ როცა ლიეტუვა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიდიოდა, ყველა მხარე ერთად მუშაობდა. ჩვენ არასდროს დაგვიკავებია არავინ. თუ საქართველო გააგრძელებს რეპრესიებსა და კონფლიქტებს, საქართველოს შანსები ევროატლანტიკური ინტეგრაციისა შემცირდება.

ნატოსა და ევროკავშირში საუკეთესოები წევრიანდებიან. თქვენი არჩევანია, გსურთ იყოთ ლიდერები თუ სხვადასხვა საშინაო და საგარეო დარტყმების მსხვერპლები.

თქვენ დარჩებით სხვა ძალების წინაშე, რომელიც დაგშლით. ერთხელ უკვე დაიტანჯეთ ომით. მართლა გინდათ, შენარჩუნდეს სტატუს კვო, რომელიც არაფერთან მიგიყვანთ? იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და ნატოს, ან კვდები. სხვა ალტერნატივა არ გაქვთ. ესაუბრეთ ერთმანეთს, შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტეთ პოლიტიკური საქმეები სასამართლოში, რომელიც პროცესს ხელს არ უწყობს და დაიწყეთ ხიდების აგება მომავლისთვის. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმედი მაქვს, ნიკა მელიას საქმე დადებითად გადაწყდება”, – თქვა პავილიონისმა.