არავითარი განსხვავება არ არის კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს, რასას და სალომე სამადაშვილს ან ნონა მამულაშვილს შორის–კობახიძე

არავითარი განსხვავება არ არის ანდრიუს კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს შორის. რასას და სალომე სამადაშვილს ან ნონა მამულაშვილს შორის,- ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს ღია წერილს, რომელშიც ისინი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ და საქართველოს მოსახლეობას მიმართავენ.

კობახიძის განცხადებით, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები არიან. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება.

„კუბილიუსის და რასას განცხადებას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, არც ჩვენთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის. ეს იგივეა, რაც გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა ხვალ ერთობლივი განცხადება, რომ გააკეთონ. არავითარი განსხვავება არ არის კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს შორის. რასას და სალომე სამადაშვილს ან ნონა მამულაშვილს შორის. საზოგადოებამაც ეს ისწავლა. ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები, სააკაშვილის მეგობრები, „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები და, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება“,- განაცხადა კობახიძემ.