ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას უწყებაში ორი განსხვავებული ფუნქციის გამიჯვნით ხსნის. მისი თქმით, ეს თავის დროზე “პოლიტიკური მიზეზების გამო” არ მოხდა.
“საყოველთაო რეკომენდაცია იყო, რომ ეს სამსახური უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული 2 ნაწილად და გამიჯნული უნდა ყოფილიყო გამოძიებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციები. თავის დროზე კონკრეტული პოლიტიკური მიზეზების გამო ეს ასე არ მოხდა. ახლა არის დროს იმისათვის, რომ ეს ინსტიტუციური რეფორმა გატარდეს. ერთი სამსახურის ჩანაცვლება ხდება ორი სამსახურით, არავითარი ფუნქციები არ აკლდება ამ სამსახურს, პირიქით, ემატება კონკრეტული ფუნქციები გამოძიების ნაწილში.
როდესაც მოხდა დაინიცირება, შემდეგ ჩავაყენეთ საქმის კურსში სამსახურის ხელმძღვანელი, ეს გააკეთა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენ დავაინიცირეთ. არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქცია ერთმანეთთან ხელოვნურად გაერთიანებული, ეს არის გამოძიება და პერსონალური მონაცემები, დაახლოებით იგივეა ერთად რომ ჩამოყალიბდეს შინაგან საქმეზე და განათლების სამინისტროს “, – ამბობს კობახიძე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ინსპექტორის სამსახურის ამ სახით ჩამოყალიბება, როგორიც დღეს არის, მათი გუნდის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის ინტერესი იყო.
კობახიძისვე მტკიცებით, “არავითარი პრობლემა არ აქვთ” ლონდა თოლორაიას მიმართ და მათი მიზანი ინსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმის გატარებაა.
თავად ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების ინიციატივას მათი დამოუკიდებლობისთვის დასჯად აფასებს და პარლამენტს მოუწოდებს, ეს პროცესი შეაჩეროს.