ეს არ არის რეფორმა, ეს არის დასჯა დამოუკიდებლობისთვის! – ინსპექტორი

სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, სამსახურის გაუქმების ინიციატივა არის ხელისუფლების მიერ მათი დასჯა დამოუკიდებლობისთვის და კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ლონდა თოლორაია არასდროს ყოფილა და არ იქნება პროგრესული რეფორმის წინააღმდეგი, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ ეს არ არის რეფორმა. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტისა და მისი დამოუკიდებელი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

ეს არის სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის, კანონმორჩილებისთვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისთვის, საჯარო უწყებების წინააღმდეგ გამოტანილი კანონიერი გადაწყვეტილებებისთვის, საგამოძიებო და საპროკურორო რეფორმის გამიჯვნასთან დაკავშირებით კანონპროექტზე კრიტიკული პოზიციისთვის, პროკურატურაში გაგზავნილი წინადადებებისთვის, რომლითაც მოვითხოვეთ არაერთი მოხელის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება და რომელთაგან არცერთი არ იქნება დაკმაყოფილებული. ეს არის დასჯა მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძების ახალი სტანდარტის დანერგვისთვის და კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება”,– განაცხადა თოლორაიამ.

ის პარლამენტს მიმართავს, შეწყვიტოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების პროცესი, განიხილოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონპროექტი და ასევე დააინიციროს ინსპექტორის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება.

მანვე აღნიშნა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების პროცესი დაემთხვევა დროს, როცა დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ იმყოფებიან საქართველოში, ასევე, დაემთხვა მისი დეკრეტში ყოფნის პერიოდს.

“ეტყობა, რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას, თუმცა მე დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცვად”,– თქვა ლონდა თოლორაიამ.