არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას – პროკურატურა

გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ბაია ცანავამ აცხადებს, რომ პროკურატურა ტვ პირველში შეჭრას არ აპირებს.

მისი მტკიცებით, მსგავსი სახის ინფორმაცია საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას. ამის დადასტურებას წარმოადგენს ჩვენს მიერ ამოღების განჩინების ტელევიზიისთვის მიწოდებაზე მათთან წინასწარი სატელეფონო კომუნიკაცია და განჩინების მათთვის ფოსტით გაგზავნის ფაქტიც. მსგავსი სახის ინფორმაცია ცალსახად არასწორია და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას“, – თქვა ცანავამ ინტერპრესნიუსთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ პროკურატურას ტვ პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი, განჩინების მიხედვით, მათ შეუძლიათ “გამოიყენონ იძულების პროპორციული ზომა”.