არავის დაინდობს ის ძალა, რომელიც რევოლუციურად მოვა – იოსელიანი

პარტია მოქალაქეების ერთ–ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის თქმით, თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ჩაიშლება, ოპოზიცია ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწევს, გაზაფხულზე რევოლუცია კი მას არ უნდა.

მისი განცხადებით, პარტია მოქალაქეების მიზანი მოლაპარაკებებიდან უბარიერო, პროპორციული არჩევნების მიღებაა, რაც ქვეყანაში ორპარტიულობას დაასრულებს.

“ჩემი პრიზმა არის, რომ ბარიერი პატარა იყოს? ჩემი ინტერესია? გირჩი პარლამენტში რომ მოხვდა, ცუდია? ცუდი ყოფილა ჩვენ რომ შევძელით ამ ბარიერის გადალახვა. კაი, იყოს მაშინ [ბარიერი] 5% და მარტო ნაციონალები იყვნენ. მე მინდა, რომ ბევრი პარტია იყოს [პარლამენტში] და პოლიტიკური პლურალიზმი გაჩნდეს ამ ქვეყანაში. ეს არის ჩემი ინტერესი. ეს არის ქვეყნის მომავალი, რომ ამ პარტიაში ორპარტიულობა და პოლარიზება დასრულდეს”,– ამბობს იოსელიანი.

მისი თქმით, თუ გაზაფხულზე რევოლუცია მოხდება, რევოლუციის მომწყობი ძალა არავის დაინდობს.

“მივიღებთ მართლა უბედურებას, მართლა რევოლუციით შეიცვლება ყველაფერი და მერე, ბოდიში და, არავის აღარ დაინდობს ის ძალა, რომელიც რევოლუციურად მოვა, არც თქვენ და არც მე. მერე სახვეწარი გვექნება ეს ყველაფერი, რასაც დღეს ვლაპარაკობთ”,– ამბობს ლევან იოსელიანი ფორმულას ეთერში.