არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნამ ორმხრივ ურთიერთობაში ხინჯი შეიტანა – ვოლსკი სააკაშვილზე

ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე ამბობს, მან არარსებული, დამამცირებელი პოზიცი მიიღო, თუმცა ორმხრივ ურთიერთობაში გარკვეული ხინჯი მაინც შეიტანა.

“მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო, ეტყობა უკრაინული პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას. მაინც, თუნდაც ამ რაღაც არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნით, რასაკვირველია, გარკვეული ხინჯი შეიტანა ორმხრივ ურთიერთობაში”,- აცხადებს ვოლსკი.

მისი თქმით, ელჩის გამოწვევა გარკვეული პოლიტიკური დემარშია, რაც განხილვის საშუალებას იძლევა.

,,ელჩიც ჩამოვა, ეს გამოწვევა გარდა იმისა, რომ არის გარკვეული პოლიტიკური დემარში დიპლომატიურ სისტემაში, ამასთანავე, დეტალურად განხილვის საშუალებას იძლევა – რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და რატომ იყო აუცილებელი ყოფილი პრეზიდენტისათვის ასეთი დამამცირებელი პოზიციის შექმნა, თანაც, მიუხედავად იმისა, რომ იგი სასამართლოს მიერ კონკრეტულ დანაშაულებებშია ბრალდებული“, – ამბობს ვოლსკი.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის , ზელენსკის გადაწყვეტილება გაუგებარია.

,,შავი ზღვის რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში პოლიტიკური კონიუნქტურა ყალიბდება ამ ჩვენი ორი ქვეყნის მონაწილეობით. ამ ფორმატში ჩვენი თანამშრომლობა განპირობებულია გარკვეული პრაგმატული მოსაზრებებით. ამ სისტემაში, მით უმეტეს, გაურკვეველია ეს ნაბიჯი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა იმის მიუხედავად გადადგა, თუ რა შედეგი დატოვა სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველოში: დანაწევრებული საქართველო, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი უამრავი ადამიანი, ქონება, ჯანმრთელობა და ღირსებააყრილი საქართველოს ბევრი მოქალაქე, დესპოტური მმართველობის ერთპიროვნული სისტემა,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის გამო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა. ამ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი გამოეხმურა და შეცდომა უწოდა.