არასდროს დავუჭერდი მხარს – ეკა ბესელია სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე

“არასდროს დავუჭერდი მხარს “- საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერის ეკა ბესელიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა, პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი ვერ იქნება.

“გვაქვს ნანახი პერიოდი, როდესაც სააკაშვილი ქვეყნის პირველი პირი იყო, ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება პოლიტიკური კონსენსუსის და შეთანხმების ნაწილი. პირადად მე ამას არასდროს დავუჭერდი მხარს.

ხალხს უნდა ცვლილება, ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა, ქვეყანაში უნდა შეცვალოს რეალობა ისე, რომ სრულიად ახალი მოცემულება შექმნას, რომელიც სხვადასხვა პარტიებისგან შემდგარი კოალიციური მთავრობა იქნება, რომელსაც ნდობის მატარებელი, პრინციპული, თანმიმდევრული პოლიტიკოსები უნდა წარმოადგენდნენ, რომლებიც ქვეყნის და საჯარო ინტერესებს პირადზე მაღლა აყენებენ. მე ვისურვებ, რომ ასეთ კოალიციაში დავინახო საკუთარი პარტია და თავი და არ ვიყო მონაწილე იმ მძიმე წარსულისა და აწმყოს, რომლებიც შესაცვლელია”, -განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგენს. როგორც დღეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიებმა ერთხმად მიიღეს.