არასწორი კვალიფიკაციით დაწყებულ გამოძიებას სასამართლომ სრული გამართლება მისცა – ნიკა სიმონიშვილი

“არასწორი კვალიფიკაციით დაწყებულ გამოძიებას სასამართლომ სრული გამართლება მისცა”- ასე ეხმაურება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი  ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას ობიექტური მიზეზების გამო არ ვიცნობთ და როცა საბოლოოდ, წერილობითი განაჩენი გამოვა, ჩვენ მას სრულყოფილად შევაფასებთ. თუმცა, ამ პროცესმა, რაც გავიარეთ, გვიჩვენა, რომ პირდაპირ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნები იკვეთება ორი ძირითადი მიზეზის გამო. ერთი, ეს არის დაკავშირებული კვალიფიკაციასთან და მეორე, პროცესის წარმართვასთან და მის მიბმას პოლიტიკურ პროცესებთან.იმ კვალიფიკაციით, რომლითაც სასამართლომ საქმე საბოლოოდ დააკვალიფიცირა – თაღლითობით, პროკურატურას გამოძიების დაწყების შესაძლებლობა საერთოდ არ ჰქონდა, ვინაიდან ამ მუხლით გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ის ხანდაზმული იქნებოდა და უბრალოდ არ შეიძლებოდა მასზე გამოძიების დაწყება, შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაც. თუმცა, საბოლოოდ მაინც ვნახეთ, რომ განაჩენი დადგა და როგორ დადგა განაჩენი? „ფულის გათეთრებით“ იყო დაწყებული გამოძიება, რომელიც თავიდანვე ცხადი იყო, რომ არასწორი კვალიფიკაცია იყო. თუმცა, სასამართლომდე ამ საქმის მიტანის და ამ საქმეზე იმის თქმის შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან, შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ ამ ფორმით, რომ არასწორი კვალიფიკაციით დაწყებულიყო გამოძიება, უფრო მძიმე ნორმით, რომ შემდეგ გადაკვალიფიცირება მომხდარიყო. ანუ, ის რასაც პროკურატურა სწორი კვალიფიკაციის შემთხვევაში ვერ მოახერხებდა და ხელისუფლება ვერ მოახერხებდა სწორი კვალიფიკაციის შემთხვევაში ეთქვა, რომ მისი პოლიტიკური ოპონენტები არიან დამნაშავეები, გააკეთა ამ გზით. შესაბამისად, კანონის ამგვარად გამოყენებით, თავიდანვე არასწორი კვალიფიკაციით ხელისუფლებამ შეძლო მისი პოლიტიკური ოპონენტისთვის ეთქვა, რომ ის დამნაშავეა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს კვალიფიკაცია „ფულის გათეთრებასთან“ მიმართებით არ იყო სწორი. თუმცა, ეს ამ მიზნებისთვის იყო გამოყენებული. რომ არა, არასწორი კვალიფიკაცია, ხელისუფლება ვერ შეძლებდა იმ შედეგის დაყენებას, რაც მან დააყენა. რეალურად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავიდანვე განჭვრეტადი იყო ის, რომ საბოლოოდ ამ შედეგს დავინახავდით“, – განაცხადა სიმონიშვილმა.