“არა დევნას, არა ავტორიტარიზმს” – 20:00 საათზე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

“არა დევნას, არა ავტორიტარიზმს” – ამ სახელწოდებით დღეს, 31 მარტს,  პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.  აქცია 20:00 საათზე გაიმართება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ავტორიტარულმა რეჟიმმა ოფიციალურად დაიწყო 7-8 მარტის აქციებში მონაწილეების პოლიტიკური დევნა. ისინი საზოგადოებას პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებენ.

დღეს, როდესაც ავტორიტარულმა რეჟიმმა, ოფიციალურად დაიწყო პოლიტიკური დევნა 7-8 მარტის აქციებში მონაწილეებზე, ჩვენი მოვალეობაა ისევ გამოვიდეთ და დავანახოთ ამ ფარჩაკებს, რომ საქართველო რუსეთი არაა და არ გაუვათ ის, რასაც ასე გამალებით ცდილობენ.

დღეს აუცილებლად ყველანი უნდა გამოვიდეთ გარეთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და მოვითხოვოთ ლაზარე გრიგორიადის გათავისუფლება. მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებთ ჩვენ ამ მიზნის მიღწვას, ამიტომ დღეს, ყველანი 8 საათზე უნდა შევიკრიბოთ პარლამენტთან“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ცნობისთვის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 29 მარტს დააკავეს,  საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი სხდომა 1 მაისს ჩაინიშნა.

შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

ლაზარე გრიგორიადისს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი.

პროკურატურა გრიგორიადისის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

დარბაზში მყოფმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მოსამართლეს, როგორც პარლამენტის წევრმა, პირადი თავდებობაც შესთავაზა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება მოჰყვა. დამსწრეები “რუსეთის მონებს” სკანდირებდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.