არესტოვიჩი აზოვსტალის ქარხანაში ოკუპანტების შეჭრას არ ადასტურებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არეტოვიჩი არ ადასტურებს УКРАИНСКАЯ ПРАВДА-ს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოკუპანტები აზოვსტალის ქარხანაში შეიჭრნენ.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ემოცია არსებობს, ამიტომ უნდა დაველოდოთ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას.

“თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს დეტალურად ამოწმებს, რათა ხალხი შეცდომაში არ შეიყვანოს“,– განაცხადა არესტოვიჩმა.

უკრაინულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის ქარხანაში, რომელშიც რჩებიან უკრაინელი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა, ოკუპანტები შეიჭრნენ.

მარიუპოლის მერის თქმით, აზოვსტალის ტერიტორიაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, თუმცა ციხეს მძიმე არტილერია, ტანკები, ავიაცია და ხომალდები უტევენ. მისივე განმარტებით, ამ დრომდე ვერ ხერხდება მებრძოლებთან დაკავშირება.