ალექსეი არესტოვიჩმა რუსეთთან შერიგების პირობები დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთთან კომპრომისზე არ წავა და ტერიტორიების ნაწილს არ დათმობს “დამშვიდებისთვის”. მან რუსეთთან შერიგების პირობები დაასახელა:

“შერიგების ერთადერთი ვარიანტი არის რუსული კაპიტულაცია, ჯარების გაყვანა და საუბარი კომპენსაციაზე. ეს არის სახელმწიფო ხელმძღვანელობის პრინციპული პოზიცია“, – განაცხადა არესტოვიჩმა 24-ე არხის ცნობით.

მისივე განმარტებით, მსგავს პირობებზე არაერთხელ ისაუბრეს როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ასევე დიპლომატებმა. გარდა ამისა, მისი ცნობით, ეს არის უკრაინის პარტნიორების – დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ფუნდამენტური მოთხოვნები.

არესტოვიჩის აზრით, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი აცხადებს, რომ ომი ნებისმიერ ფასად უნდა შეჩერდეს, რადგან მათ მინსკის შეთანხმებების განმეორება სურს, თუმცა, ეს არ მოხდება.

“არ იქნება ვარიანტი, რომლითაც რუსებს აქ დარჩენის უფლებას მივცემთ. ცალკეულმა ქვეყნებმა შეიძლება სცადონ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რა მრავალმხრივი პროცესები მიმდინარეობს ევროპაში. ისინი ხანდახან ყოყმანობენ, რადგან ეს არის ევროპული პოლიტიკის სკოლა“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ფიქრობს, რომ სამმხრივ დონეზე რუსეთს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის გარკვეული თამაში მიმდინარეობს, რაც უცნაურია.

“ევროპა დგას სარკის წინ და საკუთარ სახეს უყურებს”,– დაამატა არესტოვიჩმა.