არქიმანდრიტი საბა ამბობს, რომ არ დაუნახავს, ვინ ესროლა მის მანქანას

არქიმანდრიტი საბა ამბობს, რომ არ დაუნახავს, ვინ ესროლა მის მანქანას ტყვია, ასევე არ იცის, მის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს თუ არა.

ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის მონასტრის წინამძღვარი აცხადებს, რომ როცა ადამიანი სასიკვდილოდ გიმეტებს, იმას ხელს თავისთავად დაადებ.

“თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, მე კაცი სასიკვდილოდ მიმეტებდა და იმას ხელს ვერ დავადებ?! კაცი, რომელიც სასიკვდილოდ გიმეტებს, იმას ხელს ხო დაადებ? ეგ არის სიცრუე მეთქი, არ ვიცი, არ დამინახავს. რაც არ დამინახავს, იმის დამტკიცება ძნელია. ადამიანი, რომელიც ხედავს თავისი თვალით, ჩვენ სწავლება გვაქვს ასეთი, ეჭვი უნდა შეიტანო იმ თვალში – რაც არ დამინახავს, ის როგორ ვთქვა?” – განაცხადა მან.

ის სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას ისევ უარყოფს და აღნიშნავს, რომ ის დაჭრილი არ არის და არც ყოფილა.

,,რაც შეეხება ჩემს მანქანას, მე არ მითქვამს, რომ ავტომატიდან იყო გასროლა. მე ვთქვი, რომ რაღაც მხვდებოდა. ვბრუნდებოდი გორიდან ეპარქიაში, მომხვდა რაღაც… მე არ გამიგია ავტომატიდან იყო თუ ცეცხლისგან, მე ვიცი, რომ რაღაცები მოხვდა მანქანას და გავაგრძელე გზა, მე არ დამინახავს ვინმე… მამა დავითს რომ მაპირისპირებენ, მამა დავითთან კონფლიქტიც არ მქონია მე” – ამბობს არქიმანდრიტი TV პირველთან საუბარში.

მამა დავით (კობა) კობაიძე განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან არქიმანდრიტ საბა ჟღენტის მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 აპრილს შეუფარდეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.