არჩევნების თარიღის რეალური საფუძვლის გარეშე გადაწევა, ძალაუფლების უზურპაციაა – ბოკერია

“არჩევნების თარიღის რეალური საფუძვლის გარეშე გადაწევა, ძალაუფლების უზურპაციაა “- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„თუ ობიექტური ვითარება მართლა დრამატულია, რასაც ყველანი დავინახავთ და რაზეც ყველას იმედი გვაქვს, რომ არ მოხდება, მაშინ არც საზოგადოებას ექნება კითხვის ნიშნები და არც ოპოზიციას. ოღონდ ამის წინაპირობა ახლა არ არსებობს. ამიტომ არის გაუგებარი, რატომ დაიწყეს ახლა ამაზე საუბარი. არჩევნების თარიღის რეალური საფუძვლის გარეშე გადაწევა, არის ძალაუფლების უზურპაცია. თუკი ივანიშვილი ან მისი გარემოცვა რაიმე არარეალური საბაბით დააპირებენ ძალაუფლების უზურპაციას, ეს მათ არათუ ვერ გადაარჩენს, არამედ ბოლომდე დაღუპავს, მაგრამ ქვეყნისთვის იქნება ძალიან ცუდი.

თუ ხალხს ართმევ იმ მთავარ ძალაუფლებას, რასაც ხელისუფლების წყარო ჰქვია და ეუბნები, რომ „აღარ აგარჩევინებ ხელისუფლებას იმ ვადის გასვლის შემდეგ, რა ვადითაც აირჩიე“ , ეს არის ხელისუფლების დელეგიტიმაცია.კიდევ ვიმეორებ, თუ ობიექტური საფუძველი იქნება, ანუ ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგება, მაშინ გასაგებია.მინდა ყველას ვუთხრა, რომ შეერთებულ შტატებში არჩევნები სამოქალაქო ომის დროს ჩაატარეს, იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ეს ფუნდამენტური უფლება,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.