არ აირჩიოთ ბოროტების მხარე – ბორის ჯონსონი ჩინეთს აფრთხილებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ჩინეთს მოუწოდა, დაგმოს რუსეთის უკრაინში შეჭრა და გააფრთხილა, არ აირჩიოს ბოროტების მხარე.

Sunday Times-თან ინტერვიუში ჯონსონმა თქვა, რომ რუსეთის მხარდაჭერა ჰგავს მეორე მსოფლიო ომში არასწორი მხარის არჩევას და ის აღწერა, როგორც “ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის”.

„რაც დრო გადის და რუსული სისასტიკეების რიცხვი იმატებს, ვფიქრობ, ხალხისთვის სტაბილურად უფრო რთული და პოლიტიკურად უხერხული ხდება პუტინის შეჭრის მიღება“, – განაცხადა ჯონსონმა.

მისივე შეფასებით, მიუხედავად ამისა, პეკინი იწყებს ფიქრს ნეიტრალურ პოზიციაზე.

”ახლა არის მნიშვნელოვანი დილემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ შეეძლოთ ღობეზე დაჯდომა”,– აღნიშნავს ჯონსონი.

ბრიტანეთის პრემიერი აფრთხილებს ჩინეთს, რომ შესაძლოა ისტორიის არასწორ მხარეს აღმოჩნდეს, ამიტომ მოუწოდებს, არ დადგეს ბოროტების მხარეს.

ცნობისთვის, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლე იუჩენგმა განაცხადა, რომ  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სულ უფრო “აღმაშფოთებელი” ხდება. ჩინეთის ოფიციალური პირი დაეთანხმა რუსეთს, რომ NATO აღმოსავლეთში არ უნდა გაფართოვდეს და რუსეთის მსგავსი ბირთვული სახელმწიფო “კუთხეში არ უნდა მიიმწყვდიონ”.

ჩინეთს ამ დრომდე არ დაუგმია რუსეთის შეჭრა უკრაინაში, თუმცა გამოხატა “ღრმა შეშფოთება” ომის გამო.