რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სულ უფრო აღმაშფოთებელი ხდება – ჩინეთის საგარეო მინისტრის მოადგილე

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლე იუჩენგის შეფასებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სულ უფრო “აღმაშფოთებელი” ხდება.

ჩინეთის ოფიციალური პირი ეთანხმება რუსეთს, რომ NATO აღმოსავლეთში არ უნდა გაფართოვდეს და რუსეთის მსგავსი ბირთვული სახელმწიფო “კუთხეში არ უნდა მიიმწყვდიონ”.

“რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სულ უფრო აღმაშფოთებელი ხდება”,– თქვა იუჩენგიმ პეკინში, უსაფრთხოების ფორუმზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებს საზღვარგარეთ აქტივებს ”უმიზეზოდ” ართმევენ.

“ისტორიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სანქციები პრობლემებს ვერ გადაჭრის. სანქციები ზიანს მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანებს აყენებს, გავლენას ახდენს ეკონომიკურ, ფინანსურ სისტემაზე და გააუარესებს გლობალურ ეკონომიკას”,– განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, ჩინეთს ჯერ არ დაუგმია რუსეთის შეჭრა უკრაინაში, თუმცა გამოხატა “ღრმა შეშფოთება” ომის გამო.