ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი საფრთხეს უქმნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და დემოკრატიას

რუსეთი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს დიდი ბრიტანეთისთვის, პირველ რიგში კი ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი თეზისი იმ გამოსვლიდან, რომელსაც ენ კისტ-ბატლერი, მთავრობის კომუნიკაციების ცენტრის — GCHQ-ის — ხელმძღვანელი წარმოთქვამს. GCHQ დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი სადაზვერვო უწყებაა. რუსეთის გარდა, ის ჩინეთს, ხელოვნურ ინტელექტსა და კიბერუსაფრთხოებასაც შეეხება.

კისტ-ბატლერის გამოსვლამდე მისი სიტყვის ფრაგმენტები ჟურნალისტებს გადაეგზავნათ.

გამოსვლის ტექსტის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი შევიდა „რადიკალური გაურკვევლობის ახალ პერიოდში“, ხოლო რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე ჰაკერული საფრთხეების ფონზე შესაძლო შეცდომებისა და არასწორი გათვლების რისკი იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე.

მომავალი გამოსვლის ტექსტში ნათქვამია, რომ რუსეთი „საფრთხეს უქმნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, დემოკრატიულ პროცესებს, მიწოდების ჯაჭვებსა და საზოგადოებრივ ნდობას“.

GCHQ სპეციალიზებულია რადიოელექტრონულ დაზვერვასა და ბრიტანეთის მთავრობისა და არმიის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. კისტ-ბატლერი სიტყვით გამოვა ბლეჩლი-პარკში, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს მისი სამსახური იყო განთავსებული. მოსალოდნელია, რომ მომავალში უწყების ხელმძღვანელი მსგავს სიტყვას წელიწადში ერთხელ წარმოთქვამს.

„GCHQ ასეთი აგრესიისა და ქაოსის წინაშე დაუღალავად მუშაობს სადაზვერვო და თავდაცვის პარტნიორებთან ერთად, რათა რუსეთისგან მომდინარე საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანოს“, — იტყვის კისტ-ბატლერი.

მისი თქმით, მოსკოვი „ზრდის ყოველდღიურ ჰიბრიდულ მოქმედებებს დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წინააღმდეგ“.

კისტ-ბატლერი ასევე ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ მუშაობენ GCHQ-ის თანამშრომლები ფარულად, რათა „ხელი შეუშალონ რუსეთის მცდელობებს, კონტრაბანდულად შეიტანოს დასავლური ტექნოლოგიები“, ასევე „დაუპირისპირდნენ კიბერთავდასხმებს და აღკვეთონ დაუფიქრებელი საბოტაჟი და მკვლელობის მცდელობები“.

ის უკრაინის ომის თემასაც შეეხება. „სანამ ჩვენ ურყევად ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, პუტინი ბრძოლის ველზე უკან იხევს“, — იტყვის GCHQ-ის დირექტორი.

სხვა საფრთხეები

კისტ-ბატლერი თავის გამოსვლაში ჩინეთსაც ახსენებს — მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სუპერსახელმწიფოს, რომელსაც „სადაზვერვო, კიბერ- და სამხედრო უწყებებში“ შეუზღუდავი შესაძლებლობები აქვს.

როგორც Guardian აღნიშნავს, კისტ-ბატლერის გამოსვლაში ჩინეთის მიმართ რიტორიკა უფრო რბილია, ვიდრე რუსეთის მიმართ, მიუხედავად ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ჯაშუშური სკანდალისა.

კისტ-ბატლერის გამოსვლის კიდევ ერთი თემა ხელოვნური ინტელექტი იქნება. მისი თქმით, ამ ტექნოლოგიის განვითარებაში პროგრესი დიდ ბრიტანეთსა და მის მოკავშირეებს მცირე შესაძლებლობის ფანჯარას უტოვებს, რათა კონკურენტებს არ ჩამორჩნენ.

GCHQ-ის ხელმძღვანელი კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის მთავარ ფაქტორებად ტექნოინდუსტრიასთან, მეცნიერებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობას მიიჩნევს.

მისი უწყება დიდ დროს უთმობს ორგანიზებულ ჯგუფებთან ბრძოლას, რომლებიც ბრიტანულ კომპანიებზე ფიშინგურ თავდასხმებს აწყობენ. კისტ-ბატლერი თითოეულ ადამიანს მოუწოდებს, საკუთარი უსაფრთხოება აკონტროლოს — ლოზუნგით „სათათბირო ოთახებიდან მისაღებ ოთახებამდე“.

„ეს ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანია პაროლებიდან დაშიფრულ გასაღებებზე — passkeys-ზე — გადასვლა, ხოლო საზოგადოებრივ დონეზე საჭიროა უსაფრთხოების ჩაშენება ახალ ტექნოლოგიებში, მიწოდების ჯაჭვების დაცვა და კიბერუსაფრთხოებისთვის ათჯერ მეტი ყურადღების დათმობა“, — იტყვის კისტ-ბატლერი თავის გამოსვლაში.