“არ ასახავს ინციდენტის სრულ სურათს” – შსს განცხადება ამაღლების ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ასაკოვანი კაცი შეუძლოდ გახდა

შსს განცხადებას ავრცელებს  თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ, რა დროსაც ასაკოვანი კაცი, რომელიც მოქალაქის გამოსარჩლებას ცდილობდა, დაკავებისას შეუძლოდ გახდა.

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ. სამართალდამცველებმა ამაღლების ქუჩაზე, მოპედის მძღოლი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც იქვე გამვლელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი 1993 წელს დაბადებული გ.კ. მიუახლოვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე მოახდინეს რეაგირება და ავტომობილის მძღოლს კანონის შესაბამისად, გონივრული ეჭვის საფუძველზე, ალკოტესტზე/ნარკოტესტზე შემოწმების გავლა მოსთხოვეს, რაზეც აღნიშნულმა პირმა განაცხადა უარი და პოლიციის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გახდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გ.კ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად ადგილზე დააკავეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ასევე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლის გ.კ.-ს დაკავებისას, ამავე ავტომობილის მგზავრმა, სამართალდამცველს სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა. ინციდენტის შემსწრე ერთ-ერთი გამვლელი პირი კი, სამართალდამცველებისთვის შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების პროცესში ხელის შეშლას შეეცადა, რა დროსაც გახდა შეუძლოდ.

სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ინციდენტის ბოლო ეპიზოდის ამსახველი მასალა, რაც არ ასახავს ინციდენტის სრულ სურათს, აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ სამართალდამცველების მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ყველა პირის მიმართ გატარდება კანონით განსაზღვრული ღონისძიებები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის

‼️სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს პოლიციელი აკავებს, რის შემდეგაც მოქალაქე ცუდად გახდა. როგორც წერენ, მოქალაქე რომელიც ცუდად გახდა, ესარჩლებოდა ადამიანს, რომელსაც აკავებდნენ. ვიდეოს ავრცელებს თამარ ბოჭორიძე და წერს.

“ამ ყველაფრამდე ბიჭს ათრევდნენ საკუთარი მანქანიდან. ვინც გამოესარჩლა, ასე არ შეიძლება მოექცე ადამიანსო, ყველას შედგნენ.”