არ აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობა დალაგებული, ყველგან მიშა ელანდება – მამულაშვილი კობახიძეზე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნონა მამულაშვილი სიძულვის ენას იყენებს და ირაკლი კობახიძეზე ამბობს, რომ მას “არ აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობა დალაგებული”.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ყველგან მიხეილ სააკაშვილი “ელანდება”.

“კობახიძეს, როგორც გითხარით, არ აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობა დალაგებული, ამიტომ, ამისთანა შეთქმულების თეორიები ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე. ყველგან ელანდება მიშა და “ნაციონალური მოძრაობა.” მათივე მთავრობის წარმომადგენელი იყო გახარია, მათივე დავალებებს ასრულებდა. ანუ, რა გამოდის – როცა გახარია მათი მთავრობის წარმომადგენელი იყო, მიშა სააკაშვილი აძლევდა მას დავალებებს?!”- განაცხადა მამულაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას.

ირაკლი კობახიძემ გახარიას და სააკაშვილის შესაძლო ტანდემში მოქმედებაზე 2 დღის წინ ისაუბრა. ოცნების თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ გიორგი გახარია ნიკა მელიას დაკავების 2-3 დღით გადადებას ითხოვდა, სააკაშვილი კი ზუსტად ამდენივე დროში გეგმავდა “ხელისუფლების ამოყირავებას”.

გახარიას პარტიის წევრის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ქართულ ოცნებას თავისი ამომრჩეველი “სულელი ჰგონია”, რადგან მათ სააკაშვილის გვერდით დგომას აბრალებს.