არ აღდგა წელს ქრისტე, არ ყოფილა აღდგომა, ჯვარზე დაკიდებული დარჩა – ბასილ კობახიძე

თეოლოგი ბასილ კობახიძე სააღდგომო ლიტურგიის მრევლთან ერთად ჩატარებას ეხმაურება და ამბობს, რომ წელს ქრისტე არ აღდგა, რადგან ქრისტიანობა ჯადოქრობა არაა, ამიტომ პატრიარქის და შალვა კეკელიას ,,ბუტბუტით” ქრისტეს ვერაფერს აიძულებენ.

,,არ აღდგა მკვდრეთით ქრისტე წელს. არ ყოფილა წელს აღდგომა. არც მისი ჯვრიდან გარდმოხსნა და საფლავად დადება ყოფილა. ქრისტე ჯვარზე დაკიდებული დარჩა. ქრისტიანობა ჯადოქრობა არაა, ამიტომ რა შელოცვებიც არ უნდა იბუტბუტოს პატრიარქმა და რა რიტუალებიც არ უნდა ჩაატაროს შალვა კეკელიამ ქრისტეს ვერაფერს აიძულებენ. ის ჯვარზე დაკიდებული დარჩა, იმიტომ რომ ეგეთია, ეგეთს ვიცნობთ სახარებიდან. ჯვარზე იქნება დაკიდებული ქრისტე სანამ კორონა იქნება. ასე ჯვარზე დაკიდებული დაიხუთება ნელ-ნელა, როგოც რეანიმაციაში კორონათი დაავადებულები იხუთებიან”,- წერს კობახიძე.

საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, მრევლის ნაწილმა ინფექციონისტების რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და აღდგომის ლიტურგიას დაესწრო. მათ ღამე ტაძრებში გაათენეს და საერთო კოვზით ეზიარნენ.

ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე იმედს გამოთქვამს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.