არ დავტოვოთ სივრცე ინტერპრეტირებისთვის – გახარია ბაჩალიაშვილის საქმეზე

პრემიერ–მინისტრმა გახარიამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შსს–ს დაავალა, რომ საზოგადოებას პროაქტიურად მიაწოდოს ინფორმაცია და ეფექტურად გამოიძიოს საქმე, რათა ინტერპრეტაციებისთვის სივრცე არ დარჩეს.

“უაღრესად მნიშვნელოვანია და მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დავავლო მოქალაქეების პროაქტიული ინფორმირება, რათა არ დარჩეს არცერთი სივრცე, რომ ზოგიერთმა გამოიყენოს სპეკულირებისთვის. რა თქმა უნდა პირველ, რიგში სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, მაგრამ ამასთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა.

დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება, იმიტომ რომ ძალზე მნიშვნელოვანია სწრაფი, ეფექტური გამოძიება და მოქალაქეების ინფორმირებულობა”,– განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები ქვეყანაში არსებობს და სისტემური განახლება და რეფორმები შსს-ში სწორედ ამიტომ დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს.

ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტებს რთავს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ დამოუკიდებელ ექსპერტად არასამთაავრობო ორგანიზაცია “ემპათიის” თანამშრომელი, გალინა კარმუშინა ჩაერთვება.