არ დაუშვათ ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის არჩევა – შენგელია ენმ-ს

ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ნაციონალურ მოძრაობას მიმართავს, არ დაუშვან ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წევრის არჩევა.

მისი განცხადებით, იმ ქალაქში, სადაც ია კერზაია გახარიას დანაშაულებრივმა ბრძანებამ შეიწირა, არ შეიძლება ოპოზიციის სახელით საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი იყოს.

“ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაზე უკვე დიდი ხანია მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სავარაუდოდ შემდეგ კვირაში უნდა დასრულდეს.

მივმართავ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს (არავის მოვნიშნავ, რადგან ამ პარტიაში გადაწყვეტილების მიმღები თითქმის ყველა პირი მეგობრებში მყავს), არ დაუშვათ ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენლის არჩევა! ჩემთვის ეს იქნება ყველანაირი წითელი ხაზი ამ პარტიასთან და სამწუხაროდ, ბევრ ჩემ მეგობართან ვინც ამ პარტიაშია.

იმ ქალაქში, სადაც ია კერზაია გახარიას დანაშაულებრივმა ბრძანებამ შეიწირა, არ შეიძლება ოპოზიციის სახელით საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი იყოს. ეს იქნება აღიარება იმისა, რომ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა და არა, ასეთი სიბინძურე პოლიტიკაში ნამდვილად არ მოსულა!

ცალკე ამბავია ის, რომ, ჩემი აზრით, არც ერთ ქალაქში ეს შეთანხმება გრძელვადიან შედეგს არ მოიტანს, რადგან ბოროტებასთან გარიგებას არასდროს არ მოუტანია სიკეთე. იმ ადამიანის პარტიის წევრს, რომლის კისერზე 20 ივნისი, იას გარდაცვალება, ანაკლიის დასამარება და კიდევ უამრავი მძიმე დანაშაულია, ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარედ არაფერი ესაქმება. მისი პარტიის წევრები ამ ყველა ფაქტის მერე დადგნენ მასთან და შესაბამისად, უნდა იზიარებდნენ ყველა ზემოჩამოთვლილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას, ამიტომ მათ ზნეობაზე ან ღირებულებებზე ახლა აქ არაფერს დავწერ, ეს ისედაც ცხადია.

მე უბრალოდ მოგმართავთ თქვენ, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, როგორც რიგითი ზუგდიდელი, რომლისთვის ღირებულება არის მთავარი და დარჩება ნებისმიერ სიტუაციაში. ასეთი იყო ია და შეეწირა კიდევაც იმ იდეალებს, რასაც თავისუფლება და ქვეყნის სიყვარული ჰქვია. არაფრის ფასად არ დაუშვათ ეს მარაზმი! აბსურდია იმის მტკიცება, რომ ეს ფაქტი რეჟიმს შიგნიდან მოარყევს. ეს ამბავი მუდმივად იქნება დამოკლეს მახვილივით ჩვენ თავზე და ნებისმიერ მნიშვნელოვან მომენტში საკრებულო თავისი კვაზი-თავმჯდომარით ისევ ჩადგება ,,ოცნების” სამსახურში, როგორც ეს აქამდე არაერთხელ გაუკეთებია.

,,ჯერ არასდროს გაუმარჯვიათ მშიშრებს და მსტოვრებს”, ვერც ახლა უნდა გაიმარჯვონ, მხოლოდ უკომპრომისობა და იდეალები იმარჯვებენ ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას, რეგიონს და ქალაქს სჭირდება”,– წერს ბაჩანა შენგელია Facebook-ზე.

ცნობისთვის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარები გახარიას პარტიის წევრები გახდნენ. მათ ოპოზიციამ დაუჭირა მხარი.