არ ვარ ,,ქართული ოცნების” თანამშრომელი, პარტიას ხშირად ვსტუმრობ – კოკა ყანდიაშვილი

სააგენტო ეSპერსონას დამფუძნებელი კოკა ყანდიაშვილი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ტელევიზიას ჩამოაშორა, თუმცა მედია საშუალებების შექმნასა და ხალხისთვის სიმართლის თქმას ვერავინ აუკრძალავს.

მისივე თქმით, ქართული ოცნების თანამშრომელი არ არის და არც ყოფილა, თუმცა პარტიაში ბევრი მეგობარი ჰყავს და მას ხშირად სტუმრობს.

,,2014 წლიდან, აღარ ვარ საჯარო სამსახურში. მე არ ვყოფილვარ და არ ვარ «ქართული ოცნების» თანამშრომელი, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ საჯაროდ ვაქტიურობ ყველა საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შექმნის დღიდან და ასე იქნება მომავალშიც. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ გუნდში და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ”,- აცხადებს ყანდიაშვილი.

ის თავისი გვერდებისა და ანგარიშების წაშლას იმით ხსნის, რომ ,,ადგილობრივმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ორგანიზაციებმა” ,,Facebook”-ს კვლევის მასალები მიაწოდეს, სადაც კვლევის სამიზნე ის და მისი სააგენტო ეSპერსონა იყო.

,,ესპერსონა» დამოუკიდებელი მედია პლატფორმაა, რომლის საქმიანობაც კარგადაა ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის. ესტუმრეთ ჩვენს ვებ გვერდს www.espersona.com და თავად ნახავთ. რაც შეეხება ფეისბუქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ორგანიზაციებს, რომლებმაც მიაწოდეს «კვლევის» მასალები ფეისბუქს, თავად «კვლევის» სამიზნედ პირადად მე და «ეS პერსონა» ჰქონდათ ამოღებული, რომ რამენაირად მოეყენებინათ ჩვენთვის ზიანი. რასაც ამ ეტაპზე მიაღწიეს კიდეც, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ფეისბუქთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამათ ტყუილებს მალე მოეღება ბოლო.

მინდა აღვნიშნო, რომ ახლო მომავალში, ჩემს ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერ გუნდთან ერთად, უფრო საინტერესო მედია პროდუქტებს შევთავაზებთ ჩვენს საზოგადოებას. ასევე მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ ფეისბუქთან,  გუგლთან და სხვა სოციალურ ქსელებთან, რათა ნამდვილად ეფექტური იყოს ფეიკ ნიუსებთან, რუსულ პროპაგანდასთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობასთან ბრძოლა”,- აცხადებს კოკა ყანდიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა კოკა ყანდიაშვილის სააგენტო ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა.