უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ყურადღებით გაეცნენ რუსეთის FSB-ის კიდევ ერთი “კრეატივს ნეონაცისტების გმირულად დაკავების შესახებ”, რომლებიც სავარაუდოდ, ვოლოდიმირ სოლოვიოვის მკვლელობას უკრაინის მოთხოვნით გეგმავდნენ.
უწყების ცნობით, ისინი არ გეგმავენ სოლოვიოვის მკვლელობას, თუმცა ის აუცილებლად წარსდგება საერთაშორისო სასამართლოების წინაშე უკრაინის გამარჯვების შემდეგ.
“უკრაინის უშიშროების სამსახური სისტემატურად მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად და არ აპირებს სერიოზული კომენტარის გაკეთებას რუსული სპეცსამსახურების ახალ ფანტაზიებზე, რომლებიც უბრალოდ იგონებენ კიდევ ერთ მიღწევას რუსული აუდიტორიისთვის.
სოლოვიოვი არა საზოგადო მოღვაწე, არამედ რიგითი პროპაგანდისტია – გებელსის რუსული ანალოგი, რომელიც უკრაინის გამარჯვების შემდეგ საერთაშორისო სასამართლოებში პასუხს აგებს თავის დანაშაულებებზე.
SBU არ აპირებს ვლადიმერ სოლოვიოვის მკვლელობას. ამავდროულად, იმ რაოდენობის ყალბი და ანტიუკრაინული სიძულვილის გათვალისწინებით, რომელსაც ეს ადამიანი ავრცელებს, ის შეიძლება დაახრჩოს საკუთარმა დაბალი დონის პროპაგანდისტულმა “პროდუქტებმა”. ამიტომაც ვაახლოებთ ჩვენს გამარჯვებას! დიდება უკრაინას!”,– აცხადებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.
ცნობისთვის, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, დააკავეს “ნეონაცისტების ჯგუფი”, რომელიც რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ სოლოვიოვის მოკვლას გეგმავდა.