არ ვთვლი, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, იმედის დღეა – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის წევრები მუხათგვერდის სასაფლაოზე მივიდნენ. სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს არა გლოვის, არამედ იმედის დღეა.

“მე არ ვთვლი, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, როგორც არ ვთვლი, რომ 9 აპრილი უნდა იყოს გლოვის დღე. რადგან ეს არის ამავე დროს იმედის დღე, ჩვენი მომავლის იმედის დღე, რომელიც არასდროს არ უნდა დავკარგოთ.

მე მახსენდება, წლების მანძილზე როგორ გვჯეროდა ძალიან ბევრს საქართველოს მომავალი დამოუკიდებლობის, როცა არსებობდა საბჭოთა კავშირი და ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. დღესაც იგივეა. შეიძლება ვერ ვხედავდეთ ზუსტად, კონკრეტულ გზას, რომელიც მიგვიყვანს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, მაგრამ ამას ჩვენ რომ ვერ ვხედავთ, არ ნიშნავს, რომ ეს გზა ჩვენ წინ არ არის. ამ გზის უნდა გვჯეროდეს. ეს დღე არის ამ გზის დაჯერების დღე”,– თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს უჭერს მხარს.