არ ვითვლით მანიფესტაციაზე ადამიანების რაოდენობას, ძვირფასია თითოეული მოქალაქე – პრემიერი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო დღეს უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე დგას.

“პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ისედაც რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ასევე, გვაქვს სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევები და საგარეო-პოლიტიკური მიზნები. ამ გამოწვევებისა და მიზნების გარშემო ყველა ერთად უნდა დავდგეთ, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური რწმენისა თუ შეხედულებებისა”,– ამბობს პრემიერი.

მისივე განცხადებით, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაკარგვიდან და საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა ყველაზე დიდი მონაპოვარია.

“გუშინ საქართველოს პარლამენტში წარვადგინე მთავრობის სამომავლო ხედვა. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, ჩვენი გმირი პოლიციელების მიმართ მიზანმიმართული შეურაცხმყოფელი კამპანიის ფონზე, გარდა საერთო მიზნებისა და გამოწვევებისა, დიდწილად ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზეც მომიწია საუბარი”,– აცხადებს ღარიბაშვილი და აღნიშნა, რომ დღეს შსს–მ კანონი აღასრულა.

“დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა კანონი, რაც იყო აუცილებელი პირობა პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

კანონის აღსრულებაზე ჩვენი ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა. თუმცა, ჩვენ არ ვითვლით მანიფესტაციაზე დღეს შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ვინაიდან ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე”,– აცხადებს ღარიბაშვილი.