არ მიკვირს, თუ გამოძიება დაადგენს, რომ სახელმწიფო ღალატს ჰქონდა ადგილი – ვოლსკი მელაშვილზე

ქართული ოცნების დიდუბე–ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ არ გაუკვირდება, თუ მელაშვილი–ილიჩოვას საქმეზე გამოძიება სახელმწიფო ღალატს დაადგენს.

ვოლსკი არ გამორიცხავს პასუხისმგებელი პირების წრე გაიზარდოს.

“თუ ამ ორ ადამიანს ეკისრა ის მძიმე შედეგების მქონე დანაშაული, რომელთანაც, სავარაუდოდ, გვაქვს საქმე, თუკი ეს დადასტურდა, მე ვფიქრობ, წრე იმ ადამიანების, ვინც პასუხისმგებელია გაიზრდება. წინასწარი მონაცემებით, ის ადამიანები რომლებიც ყველაზე ხმამაღლა გაკივიან, არიან სწორედ ისინი, ვისაც უნდა მიექცია მეტი ყურადღება, რომ სახელმწიფოს არ ჰქონოდა ასეთი ზარალი.

ძალიან დიდ ეჭვს იწვევს, არ მიკვირს, თუკი გამოძიება დაადგენს და სასამართლო დაადასტურებს, რომ სახელმწიფო ღალატს ჰქონდა ადგილი”. – ამბობს ვოლსკი.

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ.