არ მინდა, სანქციებამდე მივიდეს საქმე, მარტო “ოცნებას” ხომ არ დააზარალებს? – ელისაშვილი

“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ არ უნდა, საქმე სანქციების დაწესებამდე მივიდეს.

„მე არ მინდა, რომ სანქციებამდე მივიდეს საქმე, სანქციები მარტო „ქართულ ოცნებას” ხომ არ დააზარალებს? – ქვეყანას დააზარალებს, საქართველო გამოჩნდება ქვეყნად, რომელიც ერთ დროს რაღაც დემოკრატიის მაგალითს იძლეოდა და ახლა სანქცირებული ქვეყანა იქნება, რაც ძალიან ცუდი იქნება და ამ ღარიბ და სასოწრაკვეთილ ქვეყანას კიდევ უფრო გადაჩეხავს სიღარიბის და სიღატაკის უფსკრულში.

ისედაც არავინ გვეკარება სათოფეზე და ამ სანქცირებულ ქვეყანაში არავინ ფულს არ ჩადებს. ამიტომ იმედი მაქვს, „ქართული ოცნება” გონს მოეგება და ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს, ადეკვატურად აიღებს პასუხისმგებლობას 5 ივლისს მომხდარ ფაქტებზე, როცა გამძივნვარებულმა ხალხმა გადაიბარა ხელისუფლება თბილისის ქუჩებში და გამქრალი იყო აბსოლუტურად ხელისუფლება მთელი დღის განმავლობაში, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ხელისუფლება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საუბარია არა ქვეყნის, არამედ კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაზე. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 5-6 ივლისის მოვლენებზე, TV პირველის ოპერატორის გარდაცვალებაზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ხელისუფლების წევრებისთვის სანქციების დაწესება, ნედ პრაისი პასუხობს, რომ სანქციები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი იარაღია, რომელსაც დაწესებამდე არ აცხადებენ, თუმცა აშშ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება.