არ მჩვევია მელიას სტილში ყაყანი, მის დონეზე არ დავალ – კობიაშვილი

ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი ეხმიანება ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვით, ენმ-ს შტაბი, კალაძე-კობიაშვილთან დაახლოვებული ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს.

მისი თქმით, ნიკა მელია ცილს სწამებს, რადგან მან ახალ პოლიტიკურ რეალობას ფეხი ვერ აუწყო. კობიაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცავი უწყებები დაადგენენ, ვინ დაწვა მელიას ოფისი.

“ის ბრძოლის მეთოდები, რაც ამ პარტიას მისი არსებობის მანძილზე, 2003 წლიდან მოყოლებული ჰქონდა, არ შეცვლილა. მათ ვერ აუწყეს ფეხი ვერც დროს, ვერც ახალ პოლიტიკურ რეალობას და ვერც ამომრჩეველს. მე არ მჩვევია მელიას სტილში ყაყანი და ბრალდებების უმისამართოდ ფრქვევა. მის დონეზე არ და ვერ დავალ!

დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი უწყებებები აუცილებლად დაადგენენ, თუ ვის ინტერესებში შედიოდა, რატომ და ვინ გააჩინა ხანძარი ნიკანორ მელიას ერთ-ერთ ოფისში და ყველა დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. კანდიდატმა მელიამ კი უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე გვდებს ბრალს ოფისის დარბევაში და კრიმინალთან კავშირში, ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა.

მისგან განსხვავებით, ჩვენ ტელესპექტაკლებს არ ვდგამთ. მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვევა, მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაინახავს მათ ნამდვილ სახეს და კიდევ ერთხელ გამოჩნდება სად არის სიმართლე და სად ამორალური ტყუილები!”,– წერს კობიაშვილი ფეისბუქგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს, ნიკა მელიას ოფისს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს, რის შემდეგაც ოფისი დაიწვა.