“არ სჭირდება ეპიდემიის მართვას ინფექციონისტების და ინტენსივისტების არმია!“– ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ქართველ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჩკორი, რომელიც The Mount Sinai Hospital –ში მუშაობს,    ქართველ კოლეგებს კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ნანა გეგეჩკორი კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობდა, ვირუსი მასაც გადაედო და ცოტა ხნის წინ განიკურნა. ნანა გეგეჩკორი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, როგორ ახერხებენ ამერიკაში სამედიცინო დაწესებულებები მედპერსონალის საჭირო რაოდენობის მობილიზაციას.

“თვალი მოვკარი წუხილს რამდენად ცოტა ინფექციონისტი ან რეანიმატოლოგი ჰყავს საქართველოს და რა მცირეა პაციენტების რიცხვი ვისი მოვლაც მათ შეუძლიათ.
მძიმე ეპიდემიის მართვისთვის არაა აუცილებელი ინფექციონისტების ან რეანიმატოლოგების არმია.

ჩემი ჰოსპიტლის გამოცდილებიდან…

პაციენტების პირველი ნაკადი მედიცინის დეპარტამენტმა მიიღო. როგორც კი მივხვდით ნაკადის გეომეტრიული პროგრესიით ზრდის ტენდენციას, სასწრაფოდ დაიწყო ჰოსპიტლის გადაწყობა ახალი რეალობის შესაბამისად. ქირურგიის, ორთოპედიის, გინეკოლოგიის, პედიატრიის, ფსიქიატრიის განყოფილებები გადაკეთდა კოვიდ უნიტებად და მედიცინის ჯგუფის უკვე გამოცდილი რეზიდენტები და ექიმები ჩაუდგნენ სათავეში ამ დეპარტამენტებს. ორ კვირაში გადავამზადეთ ორთოპედიის, ქირურგიის, ფსიქიატრიის, პედიატრიის რეზიდენტები იმ დონემდე რომ დამოუკიდებლად შეძლებოდათ კორონავირუსით გამოწვეული პათოლოგიის მართვა. ყველა ასეთ დეპარტამენტს ზედამხედველად ყავს მედიცინის მესამე წლის რეზიდენტი, რომელიც უკვე დამოუკიდებელი ექიმია (სულ რაღაც ორთვეში აქვს ყველას სალიცენზიო გამოცდა). მას ჰყავს ორი ან სამი (იუნიტის სიდიდის მიხედვით) ჯგუფი რეზიდენტების, რომელიც შედგება ერთი ჯუნიორ და ერთი სენიორ რეზიდენტისგან. ეს ნაკრები მართავს დაახლოებით 60 პაციენტს. მედიცინის რეზიდენტები მართავენ ასევე ახლადგახსნილ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებს.

რეზიდენტურაში ყველას გვაქვს ბრწყინვალე გამოცდილება ინტენსიური თერაპიის განყოფილების მართვის, იმდენად რომ მესამე წლის ნებისმიერ რეზიდენტს შეუძლია იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინტენსივისტი. კარდიოლოგიის, გასტროენტეროლოგიის, ენდოკრინოლოგიის, რევმატოლოგიის ფელოები მუშაობენ მედიცინის დეპარტამენტში და იკავებენ სენიორ რეზიდენტების ან უფროსი ექიმების პოზიციებს. ინექციურის ფელოები ასრულებენ კონსულტანტების როლს მთელი ჰოსპიტლისთვის. მათი უშუალო სიახლოვე პაციენტთან საერთოდ არაა საჭირო. უმეტესად ასეთ კონსულტაციას ვიღებთ ტელეფონით. ასევე ისინი მართავენ ტექნიკურად კლინიკურ კვლევებში პაციენტების ჩართვის პროცესს, რაც გულისხმობს რამდენიმე, უკვე ყველასთვის ცნობილი ახალი პრეპარატის გამოყენებას. ამ პრეპარატების გამოყენებას მათი წერილობითი დასტური სჭირდება. ეს უზრუნველჰყოფს პაციენტების ზედმიწევნით ზუსტად შერჩევას მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდისთვის.
მოკლედ ასეთი ფორმულით მუშაობს ჩემი ჰოსპიტალი. ჩვენ უკვე მოვემსახურეთ 800–ზე მეტ უმძიმეს პაციენტს. გავწერეთ 300-ზე მეტი კარგ მდგომარეობაში. ამ წუთას ჰოსპიტალში 180-მდე პაციენტია მართვით სუნთქვაზე.

ზოგადად ამერიკაში საუნივერსიტეტო ჰოსპიტლების გამწევი ძალა არის რეზიდენტი და ფელოუ. უფროსი ექიმი არის მხოლოდ ზედამხედველი. რეზიდენტი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რა თქმა უნდა უფროსი ექიმი უმაგრებს ზურგს საჭიროების შემთხვევაში. პულმონოლოგიის და კრიტიკული მედიცინის ფელოები ზედამხედველობენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებს, ასეთი 5 აქვს ამ წუთას ჰოსპიტალს.
მოკლედ, მთავარია დროზე გადაამზადონ სხვა და სხვა ვიწრო სპეციალობების ექიმები და გადააჯგუფონ ჰოსპიტლები შესაბამისად.

არ სჭირდება ეპიდემიის მართვას ინფექციონისტების და ინტენსივისტების არმია!
და კიდევ, მთავარია ექიმი იყოს ზედმიწევნით კარგად დაცული შესაბამისი აღჭურვილობით და არსებობდეს რეზერვის კარგად გათვლილი ჯგუფი ექიმების და ექთნების ავადმყოფობის პირობებში (რაც სამწუხაროდ გარდაუვალია).

და ყველაზე მთავარი, ქვეყანამ უნდა მოიმარაგოს საჭირო რაოდენობით მართვითი სუნთქვის აპარატები და გადაამზადოს ყველა ზემოთჩამოთვლილი სპეციალობის ექიმი მისი გამოყენებისთვის!“– წერს ნანა გეგეჩკორი.