არ უნდა დავხარბდეთ ერთჯერად გადაწყვეტილებას, რომ გავხსნათ ყველასთან საზღვრები – თურნავა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისრის თქმით, “არ უნდა დავხარბდეთ” ერთჯერად საზღვრების გახსნას:

“არ არის საჭირო დემონსტრაციების გზით მოითხოვო რომელიმე ჩემს კოლეგასთან ან პრემიერთან შეხვედრა, იმიტომ რომ ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. ყველანი ვთანხმებით იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. არ უნდა დავხარბდეთ ერთჯერად, სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებას, რომ გავხსნათ ყველასთან საზღვრები. ამის შესაძლებლობას იძლევა ისიც, რომ ჩვენ 15 ქვეყანაში ვართ მოხვედრილები, თუმცა შეიძლება ისე მოხდეს, რომ ორი-სამი კვირის თავზე მოგვიწიოს ძალიან მასშტაბური საპირისპირო გადაწყვეტილებების მიღება და ისევ დახურვა გარკვეული დარგების, რომელსაც ჩვენი ეკონომიკა ვერ გადაიტანს”,– განაცხადა თურნავამ.

მანვე აღნიშნა, რომ ბაზარი ბიზნესვიზიტორებისთვის გახსნილია და იმედი გამოთქვა, რომ შემოსული ბიზნესმენები მხოლოდ საქმიანი ვიზიტით არ შემოიფარგლებიან, ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ და ქვეყანას ტურისტულადაც დაათვალიერებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანას: გერმანიას, საფრანგეთს, ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს საზღვრები უპირობოდ გაუხსნა. ამ ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებს კარანტინის გავლა არ დასჭირდებათ. თუმცა თუ ამ ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები შემოვლენ, მათ კარანტინის გავლა მოუწევთ.