ზურაბ ჯაფარიძის შემდეგ, მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილიც აცხადებს, რომ პარტიულ დაფინანსებას არ მიიღებს. მისი თქმით, თუ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, ფულსაც არ ხელს არ მოკიდებს.
“ჩვენ ვიცოდით რომ დღეს იყო ბოლო ვადა, მაგრამ შეგნებულად არ შევავსეთ. თუ ვინმეს ფული სჭირდება, ჩვენ გვჭირდება, იმიტომ რომ ბოლო კაპიკებით ჩავატარეთ წინასაარჩევნო კამპანია. მაგრამ ჩვენ ვთქვით სიტყვა, რომ ბოიკოტი გვაქვს გამოცხადებული და არ შევდივართ პარლამენტში, ეს იმას ნიშნავს, რომ არც დაფინანსებას არ ავიღებთ. დაფინასნება ავიღოთ და პარლამენტში არ ვიაროთ, ეს ერთ პარტიას გაკეთებული აქვს და ძალიან აღშფოთებული ვიყავი ამ საქციელით.
თუ პალამენტში არ შევალთ, იმ ფულსაც ხელს არ მოვკიდებთ, ეს სიტყვა გვაქვს ნათქვამი და ჩვენ ამ სიტყვის ერთგულები ვართ. თუ ბოიკოტს ვაცხადებთ და პარლამენტში არ შევდივართ, საპარლამენტო საქმიანობისთვის რა თანხაც იყო გამოყოფილი, იმ ფულს ბიუჯეტიდან არ გამოვიტანთ”,– ამბობს ელისაშვილი ტვ პირველის ეთერში.
გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია. მისი შეფასებით, ეს არჩევნების შედეგების ირიბი ლეგიტიმაციაა.
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა, მათგან 9–მ ცესკოს დაფინანსების მისაღებად მიმართა, ხოლო დაფინანსება არ მოითხოვა გირჩმა, ლელომ, პატრიოტთა ალიანსმა, მოქალაქეებმა და ლეიბორისტულმა პარტიამ.