“ასავალ-დასავალში” წავიდეს მწერლად – აჰმედ იმამკულიევის რჩევა კობახიძეს

ევროპული საქართველოს მარნეულ-გარდაბნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება და ურჩევს, გაზეთ “ასავალ-დასავალში” დაიწყოს მუშაობა.

კობახიძემ ნიკა მელიას და იმამკულიევს პროფესიონალი პროვოკატორები უწოდა.

იმამკულიევი კობახიძეს მოუწოდებს, თუ კითხვები აქვს შსს-სა და პროკურატურას მიმართოს და  დამნაშავეების დასჯა მოითხოვოს. აღნიშნული განცხადება მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.

„მე მართლა ვწუხვარ, რომ ბატონ კობახიძეს ასეთი ხუშტურები აწუხებს. ბატონი კობახიძე უნდა მიხვდეს ერთხელ და სამუდამოდ, რომ მე სხვა პარტიის წევრი ვარ, ბატონი ნიკა მელია სხვა პარტიის წევრია. ქართული ოცნების წევრების გაკეთებულ საქმეებს ჩვენ რომ გვაბრალებს და სიცრუეს ავრცელებს. მისი ადგილი არაა პოლიტიკაში. კარგი იქნება, რომ ბატონი კობახიძე ასავალ-დასავალში წავიდეს და იქ იყოს მწერალი. კარგი იქნებოდა რომ გაეცნოს საერთოდ საქმეს – ვინ იმყოფებოდა ადგილზე, ვინ რა გააკეთა, ვინ ესროლა ქვა, ვინ სცემა ჟურნალისტს, ვინ სცემა ადამიანებს”, – აცხადებს იმამკულიევი.

ცნობისთვის, გუშინ მარნეულში მთავარი არხის გადამღებ ჯგუფსა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა დაუმტვრიეს. მთავარის ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.