ასეთი შეურაცხყოფა არ მახსენდება! – დავით კახაბერი რიონის ხეობის მცველებზე

ლგბტქ ორგანიზაციის, “თანასწორობის მოძრაობის” დირექტორი, დავით კახაბერი “რიონის მცველების” ჰომოფობიურ განცხადებას ეხმიანება და მას შეურაცხყოფად აფასებს.

“რიონის ხეობის მცველების” განცხადება არის პირადად ჩემი და ჩემი თანამებრძოლების შეურაცხყოფა! ბევრ სამოქლაქო ინიციატივას შეუქცევია ზურგი ლგბტ ადამიანებისთვის, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა არ მახსენდება! ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები, ვის გვერდითაც ვიდექი აი, ამას წერენ:

“ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ამ ქვეყნის მართლმადიდებელ უმრავლესობას მიეკუთვნება და რელიგიური თვალსაზრისით, ჩვენს შეხედულებებს აბსოლუტურად განაპირობებს ქრისტიანული სწავლება. ჩვენი აზრით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს.” – წერს დავით კახაბერი.

რიონის ხეობის მცველები გაემიჯნენ პრაიდის კვირეულს და თქვეს, რომ ეს “არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდაა”.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ “პრაიდი დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას”.