ასეთ მუქარას EU-ს ქვეყნებში გადადგომა მოჰყვებოდა – ევროპარლამენტარები ღარიბაშვილზე

ევროპარლამენტარი რასა იუკნუვიჩინე და ანდრიუს კუბილიუსი არჩევნებთან და საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მათი თქმით, შეშფოთებულები არიან ღარიბაშვილის მუქარით სააკაშვილის მიმართ, რის გამოც, ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენელი გადადგებოდა.

“ჩვენ ველით, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი საქმე საქართველოში გამოძიებული იქნება ევროპული მართლმსაჯულების სიტემის პრინციპების შესაბამისად. სამწუხაროდ, შეშფოთებით უნდა აღვნიშნოთ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი საჯარო მუქარა ბატონი სააკაშვილის მიმართ დამატებითი ბრალდებებით, “თუ ის კარგად არ მოიქცევა”.

ეს აჩვენებს, რომ ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე, ფაქტობრივად პოლიტიკურია, რაც სავალალოა და შეუთავსებელია ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან. ქართული ოცნების ლიდერები ვერ ლახავენ სამართლის პოლიტიზირების ცდუნებას, რაც არ არის თავსებადი კანონის უზენაესობის პრინციპებთან და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების პრინციპებთან. ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, მთავრობის წარმომადგენლის მხრიდან მსგავს განცხადებას დაუყოვნებლივი გადადგომა მოჰყვებოდა”,– წერენ ევროპარლამენტარები.

მათი შეფასებით, პრემიერმინისტრისა და მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან, ოპოზიციურ პარტიებსა და ვარდების რევოლუციის მიღწევებზე თავდასხმები “უბრალოდ ამაზრზენია”.

“მომწიფებულ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებში, რომელიც დაფუძნებულია საერთო ნდობასა და პატივისცემაზე, ვერ ნახავთ, რომ მთავრობისა და მმართველი პარტიის ლიდერები ასე იქცევიან.

დემოკრატიის სიმწიფე და ევროპული ტიპის კანონის უზენაესობა არის ევროპული ინტეგრაციის წინაპირობა. „ქართული ოცნება“ ისევ და ისევ ვერ ადასტურებს, რომ მათ შეუძლიათ შეასრულონ ეს პირობები”,– წერია კუბილიუსისა და იუკნუვიჩინეს განცხადებაში.