აფეთქება ოკუპირებულ ენერგოდარში – დაჭრილია დე-ფაქტო მერი და მისი 2 მცველი

დღეს დილით დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში, სავარაუდოდ ადგილობრივმა პარტიზანებმა ააფეთქეს სახლის შესასვლელი, რომელშიც ოკუპანტების დე-ფაქტო მერი ცხოვრობს. შემთხვევის შედეგად ანდრეი შევჩიკი და მისი ორი მცველი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია ენერგოდარის მერმა დიმიტრი ორლოვმა გაავრცელა.

“ინტერნეტ რესურსები 22 მაისს, დილით, ენერგოდარში მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. გვაქვს დადასტურება, რომ აფეთქების დროს დაშავდა „სახალხო ადმინისტრაციის“ თვითგამოცხადებული უფროსი შევჩიკი და მისი დაცვა. ისინი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს”,– დაწერა მერმა ტელეგრამზე.

მისივე ცნობით, აფეთქების შედეგად სადარბაზოს მცხოვრებთაგან არავინ დაშავებულა.