აფეთქება ტყიბულში – ინსპექციამ დარღვევები დაადგინა და შახტა დახურა

შრომის ინსპექციის სამსახურმა ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ მოკვლევა დაიწყო და სხვადასხვა დარღვევა დაადგინა.

უწყებამ დახურა შახტის ის უბანი, სადაც აფეთქება მოხდა.

“მოხდა მყისიერი რეაგირება და ინსპექტორთა ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა. მიმდინარეობს საკითხის კომპლექსური შესწავლა, რაც მხარეთა გამოკითხვას და ადგილის სრულყოფილ დათვალიერებას გულისხმობს.

პირველადი მოკვლევის შედეგად, გამოვლენილია სხვადასხვა სახის დარღვევა. კერძოდ, პირველადი შეფასებით, საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით. აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას.

არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაობის განხორციელება მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში. დარღვეულია ტექნიკური რეგლამეტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც საამფეთქბლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა.

გამოკვეთილი დარღვევების შედეგად, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეჩერდეს საამფეთქებლო სამუშაოები და დაიხუროს ის კონკრეტული უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა. შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მოკვლევას, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნა დაიდება”,– აცხადებს უწყება.

ცნობისთვის, ტყიბულის ერთ-ერთ შახტში აფეთქება მოხდა. კლინიკაში შემთხვევის შედეგად დაშავებული 9 ადამიანი შეიყვანეს, მათგან ერთი კი გარდაიცვალა. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის სხეულის 60%-იანი დამწვრობით რეანიმაციაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.