აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა და გახარიას პარტიას შეუერთდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს და გახარიას პარტიას უერთდება.

მისი თქმით, უწყება, რომელიც 8 წლის განმავლობაში ებარა, ჩამოყალიბდა 5-ჯერ გაზრდილი პროგრამული ბიუჯეტის სამინისტროდ.

“ბენეფიტის ხელმისაწვდომობის გაფართოებული არეალით, ბენეფიციარზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის რგოლის მრავალფეროვანი სამედიცინო სერვისებით, ფინანსური მხარდაჭერითა და რაც უმნიშვნელოვანესია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ადამიანების მიმართ გატარებული პოლიტიკით, როგორც ჯანდაცვის, ისე ნდობის აღდგენის კუთხით”,– წერს ბაქრაძე.

მისივე განცხადებით, გახარიას პარტიის ხედვების დეოკუპაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით მის ხედვებთან თანხვედრაშია.

“ვიღებ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და ვუერთდები გუნდს, რომლის ხედვები, დეოკუპაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სრულ თანხვედრაშია ჩემთან. გუნდი,რომელიც წარმოდგენილია ღირსეული, წესიერი, კომპეტენტური ადამიანებით.

გუნდი, რომელსაც ჰყავს საუკეთესო ლიდერი – გიორგი გახარია, რომელიც მჯერა, რომ თავისი პიროვნული თვისებებით, ღირებულებებით, ერუდიციით, ეფექტიანი მართვით, მათ შორის კრიზისული სიტუაციების წარმატებული მართვითა და დასახული მიზნებით ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის! უდიდესი პატივია ჩემთვის გავხდე ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრი, რომელმაც ნდობა გამომიცხადა, რათა ჩემი გამოცდილება, რესურსი კიდევ უფრო მეტად იყოს რეალიზებული და მხარდაჭერილი ახალი გამოწვევების დასაძლევად, საერთო მიზნის მისაღწევად”,– წერს ბაქრაძე.