აფხაზეთშიც არიან ბოკერიები და სააკაშვილები – ინაშვილი ასლან ბჟანიას პასუხობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი აცხადებს,რომ “პატრიოტთა ალიანსი” მზადაა, აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა.  “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ამ  ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ აფხაზეთშიც არიან ბოკერიები და სააკაშვილები.

“აფხაზეთშიც არიან ბოკერიები და სააკაშვილები, რომლებსაც შერიგება არ უნდათ და თბილისშიც არიან. მათ შორის კავშირს მე მკაფიოდ ვხედავ, ასევე მინდა მიაქციოთ ყურადღება ბჟანიას განცხადებას, მან მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოსგან არ ელის აღიარებას, არამედ ელის, რომ დაიწყოს ეკონომიკური და ჰუმანიტარული  პროექტები, გადაიდგა ნაბიჯი შერიგებისკენ, ჩემი ჩასვლით დაიწყო ეს პროცესი, ამან გააცოფა და გადარია ყველა, ვგულისმხობ აქაურ და იქაურ სააკაშვილ-ბოკერიებს,”- პასუხობს ინაშვილი ბჟანიას.

შეგახსენებთ, რომ სომხუმში ე.წ. პარლამენტის დახურულ სხდომაზე, რომელსაც ასლან ბჟანიაც ესწრებოდა, 18 აგვისტოს აფხაზეთში „პატრიოტთა ალიანსის“ სტუმრობა განიხილეს. ასლან ბჟანიამ ხაზგასმით თქვა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მზად არის თანამშრომლობისა და აფხაზეთის აღიარებისთვის.