აფხაზეთში არ არსებობს რუსეთთან შეერთების განწყობები – შამბა

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის განცხადების შედმეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა რუსეთთან შეერთებას გამორიცხავს.

მისი თქმით, აფხაზეთი მხარს უჭერს “ძმური სამხრეთ ოსეთის ასეთ მისწრაფებებს”, მაგრამ აფხაზეთში ასეთი განწყობები არ არსებობს.

“პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა არ იძლევა და არ არსებობს ასეთი განწყობები შეერთების შესახებ. ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ჩვენი ხალხის რამდენიმე თაობის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი, ამიტომ ეს საკითხი ჩვენს წრეებში არ განიხილება – პოლიტიკურ და საზოგადოებრივად. მე არ ვიცი აფხაზეთში ასეთი პოლიტიკური ძალა, პარტიები თუ სოციალური მოძრაობები, რომლებიც განიხილავენ ასეთ შესაძლებლობებს, დამოუკიდებლობის უარყოფით. ასეთი პოლიტიკური ძალები არ არსებობენ”.- ამბობს შამბა Ekho kavkaza-ს ცნობით.

ის ასევე აღნიშნავს, რომ სოხუმსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები უნდა განვითარდეს.

“აშკარაა, რომ მანამდეც ცხადი იყო და დღეს, როცა მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ურთიერთობების, გლობალურ პოლიტიკაში ახალი მშენებლობების ზღურბლზე ვართ, იმ დროს, როცა ასეთი რესტრუქტურიზაცია ხდება, ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან უნდა იყოს მჭიდრო. ჩვენ უნდა ავაშენოთ ერთობლივი პროექტები მომავლისთვის – ეკონომიკური, უსაფრთხოების სფეროში, ყველა სხვა მიმართულებით”,– აცხადებს შამბა.

ცნობისთვის, გუშინ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტმა თქვა, რომ მიიღებს სამართლებრივ ზომებს რუსეთთან შესაერთებლად. ოკუპირებულ რეგიონში შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს.