გიორგი გახარია საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტის შესახებ ოპოზიციის კრიტიკაზე ამბობს, რომ პოლიტიკური მასკარადის ახალი ფრონტი გაიხსნა.
მისი თქმით, ვერავინ ვერ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვისაა საჭირო.
“ზუსტად 2 თვის შემდეგ შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიმართულებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია.
,,გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი- პოლიტიკური ფრონტი, რაღაც პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ერთმნიშვნელოვნად მინდა ყველამ იცოდეს, რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ ვერ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა მთავრობამ და ხელისუფლებამ პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობაზე იზრუნოს. ამიტომ ჩვენ დღეს ვაცხადებთ – მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მზად არის დღეს გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც პარალელურად ნიშნავს კომენდანტის საათის გაუქმებას, ამას მოყვება გარკვეული შემსუბუქებები“, – განაცხადა გახარიამ.
პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების კანონპროეტს გუშინ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
მეორე და მესამე მოსმენა და საბოლოო კენჭისყრა ხვალ არის დაგეგმილი.
მისი საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.