აქციაზე, სადაც აქტივისტი გიორგი მუმლაძის დაკავება გააპროტესტეს, 10 აქტივისტი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციაზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტები გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებდნენ, 10 აქტივისტი დააკავეს. ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

აქტივისტი, ილიაუნის პროფესორი გიორგი მუმლაძე შსს–მ სისხლის სამართლის წესით დღეს დააკავა.

შსს-ს მტკიცებით, მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრების თქმით, მუმლაძემ დაკავებისას ინსტინქტურად პოლიციელს უკბინა. ისინი აქტივისტის გათავისუფლებას ითხოვენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.