აშშ გააგრძელებს ხმამაღალ საუბარს, სიმართლის თქმას და მხარს დაუჭერს საქართველოს – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, სადაც ოფიციალური მოსკოვი საქართველოს პროვოკაციულ მოქმედებებში ადანაშაულებს, ირონიულს უწოდებს.

“ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ხმამაღალ საუბარს, სიმართლის თქმას და მხარს დაუჭერს საქართველოს, რომ საქართველომ დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, მოქალაქეები. ირონიულია, რომ რუსეთის მხრიდან ისმის ასეთი შეფასებები, როდესაც საუბარია ინციდენტების პრევენციის მექანიზმზე. საქართველოს მხარე ყველანაირად ცდილობს, რომ ეს ფორმატი აღდგეს ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუმცა დაბრკოლება მოდის სწორედ რუსეთისგან.საქართველოს ცდილობს, ყველა საშუალებას მიმართოს, რათა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და უპასუხოს არსებულ ინციდენტებსა და გამოწვევებს”, – განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, ოფიციალური მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს და დიალოგისკენ მოუწოდებს. “შეშფოთებულები ვართ საქართველოს მხრიდან რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირების გამო და საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებების შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ”,- წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, ოფიციალური მოსკოვი „პროვოკაციული კომენტარებისთვის“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საქართველოში აშშ-ის საელჩოსაც ადანაშაულებს. „ყველაფერი ეს ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.