აშშ-მ პუტინის ქალიშვილებს სანქციები დაუწესა

ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის საბანკო ინსტიტუტებსა და პუტინის ქალიშვილებს ახალი სანქციები დაუწესა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. სანქციები შეეხოთ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებს, ასევე, დიმიტრი მედვედევსა და მიხეილ მიშუსტინს.

აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის განცხადებით, დრამატულად აძლიერებენ ფინანსურ წნეხს სანქციების დაწესებით რუსეთის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტზე, სბერბანკსა და მის უმსხვილეს კერძო ბანკზე, ალფა ბანკზე.

“ეს არის პასუხი უკრაინაში და მათ შორის ბუჩაში ჩადენილი ბოროტმოქმედების გამო, რომელმაც თეთრი სახლის აზრით პუტინის რეჟიმისთვის მყისიერი ეკონომიკური ზიანი უნდა გამოიწვიოს. ახალი სანქციები ასეთია: რუსეთის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტების – სბერბანკის და უმსხვილესი კერძო ბანკის – ალფა ბანკის სრული ბლოკირება. სბერბანკის და ალფაბანკის ნებისმიერი აქტივის გაყინვა, რომლებიც აშშ–ს ფინანსურ სისტემასთან არის დაკავშირებული და აკრძალვა აშშ–ს მოქალაქეებისთვის, მათთან საქმიანობა აწარმოონ.

სბერბანკი რუსეთის საბანკო სექტორის ყველა აქტივის დაახლოებით მესამედს ფლობს და სისტემური მნიშვნელობის ბანკია რუსეთის ეკონომიკისთვის. ალფა ბანკი კი უმხვილესი კერძო ბანკი და რუსეთის სიდიდით მეოთხე საფინანსო ორგანიზაციია. რუსეთში ახალი ინვესტიციების აკრძალვა. პრეზიდენტი ბაიდენი ხელს მოაწერს ახალ ბრძანებას, რომლითაც აიკრძალება რუსეთში აშშ–ს მოქალაქეების მხრიდან ინვესტიციების ჩადება, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი.

ეს გადაწყვეტილება ეფუძნება 600–ზე მეტი ტრანსნაციონალური კომიანიის გადაწყვეტილებას რუსეთის დატოვების შესახებ. მათ შორის არიან ენერგეტიკული კომპანიები, საცალო ვაჭრობის ქსელები, საფინანსო დაწესებულებები, ასევე საქონლისა და მომსახურების სხვადასხვა მიმწოდებლები, მათ შორის საკონსულტაციო და იურიდიული ფირმები. სრული ბლოკადა უმსხვილესი რუსული სახელმწიფო კომპანიებისთვის. იკრძალება აშშ–ს ნებისმიერი მოქალაქისთვის გარიგება დადონ ამ ორგანიზაციებთან. გაიყინება ამ ორგანიზაციების ნებისმიერი აქტივები აშშ–ს იურისდიქციაში, რაც თეთრი სახლის განცხადებით, კრემლს შეუზღუდავს შესაძლებლობას, მათი საშუალებით უკრაინაში ომი დააფინანსოს და უზრუნველყოს. ამ ორგანიზაციების ჩამონათვალს ფინანსთა სამინისტრო ხვალ გამოაცხადებს”,– აცხადებს მაღალჩინოსანი.

რაც შეეხება რუსეთის ელიტის ოჯახის წევრებს სანქციებს, სანქცირებულთა შორის არიან პრეზიდენტ პუტინის სრულწლოვანი შვილები, საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის ცოლი და ქალიშვილი, ასევე რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრების ოჯახები, მათ შორის ყოფილი პრემიერის, დიმიტრი მედვედევის და პრემიერ მიხეილ მიშუსტინის ოჯახის წევრები.

თეთრი სახლის განცხადებით ეს ადამიანები რუსი ხალხის ხარჯზე გამდიდრნენ, ზოგიერთი მათგანი კი პასუხისმგებელია უკრაინასთან პუტინის ომზე. ოფიციალური პირის განმარტებით, ამ პირების სანქცირება ნიშნავს მათ მოკვეთას აშშ-ს საფინანსო სისტემიდან და აშშ-ში არსებული მათი ყველა აქტივის გაყინვას.

შეერთებულმა შტატებმა სანქციები უკვე დაუწესა 140-ზე მეტ ოლიგარქსა და მათ ოჯახის წევრებს, ასევე რუსეთის მთავრობის 400-ზე მეტ წარმომადგენელს.