აშშ–მ რუსული საზენიტო სისტემების შეძენის გამო თურქეთს სანქციები დაუწესა

ორშაბათს აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთის სამხედრო წარმოების სახელმწიფო სამმართველოს (SSB) წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ განაცხადა. მიზეზი რუსული საზენიტო–სარაკეტო სისტემების, С-400 “Триумф”–ის შეძენა გახდა.

შემზღუდავი ზომები შემოღებულია “ამერიკის მოწინააღმდეგეთა სანქციების გზით შეკავების შესახებ“ კანონის ფარგლებში და ითვალისწინებს SSB–სთვის ნებისმიერი ამერიკული საქონლის და ტექნოლოგიის მიყიდვის აკრძალვას, თურქული უწყებისთვის საბანკო კრედიტების და სესხების გაცემას.

ამავდროულად გამოცხადდა სამმართველოს უფროსის, ისმაილ დემირისა და მისი მოადგილეებისთვის აქტივების გაყინვისა და სავიზო შეზღუდვების შესახებ.

“ჩვენი გაფრთხილებების მიუხედავად თურქეთმა განაგრძო რუსული  С-400  სისტემების შესყიდვა. ჩვენ არ ვაპირებთ თვალი დავხუჭოთ რუსეთის თავდაცვის სექტორთან დადებულ მსხვილ გარიგებებზე“  – ასეთი კომენტარი გააკეთა სანქციების შესახებ ტვიტერში სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.

კონტრაქტი რუსული საზენიტო–სარაკეტო სისტემების შესყიდვის შესახებ ანკარამ 2017 წელს გააფორმა. 2019 წლის ზაფხულში სისტემები უკვე თურქეთში ჩაიტანეს.

აშშ–ს ამ გადაწყვეტილების გამო გაღიზიანება არ დაუმალავს და თურქეთს მოთხოვა უკვე ხელმოწერილი კონტრაქტი დაერღვია, სანაცვლოდ კი ამერიკული სისტემა Patriot შეესყიდა.

ვაშინგტონის მტკიცებით რუსული C-400 სისტემების არსებობა ინჯირლიკის ავიაბაზის უშუალო სიახლოვეს, სადაც აშშ–ს სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავებია განლაგებული, სერიოზულ საფრთხეს ქმნის აშშ–ს ნაციონალური უსაფრთხოებისთვის.

მოგვიანებით ამ კონტრაქტის გამო აშშ–მ თურქეთი უახლესი გამანადგურებლების – F-35–ის დეტალების წარმოებისა და მიწოდების პროგრამიდან გარიცხა.

გასულ კვირას რამდენიმე ამერიკული მედიასაშუალება იტყობინებოდა, რომ უახლოეს დღეებში ადმინისტრაცია თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს გამოაცხადებდა.

სანქციების შემოღების შესახებ ოფიციალურ განცხადებამდე თურქეთის პრეზიდენტი, ერდოგანი აცხადებდა, რომ უკმაყოფილოა აშშ–ს ქმედებებით.

“აშშ–სან, რომელიც ნატოში ჩვენი მოკავშირეა, ჩვენ მხარდაჭერას ველით ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჩვენს ბრძოლაში და არა სანქციებს“– განაცხადა მან.