აშშ პირობას დებს, რომ რუსეთი თავისი ქმედებისთვის საფასურს გადაიხდის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ რუსეთისთვის, შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო ბოროტი ქმედებების გამო “საფასურის გადახდა და შედეგები” დადგება.

“სი ენ ენ”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც კვირას გადაიცა, მაგრამ გასულ კვირაში იყო ჩაწერილი, ბლინკენმა თქვა, რომ “ჩვენი ინტერესების დასაცავად გადავდგამთ აუცილებელ ნაბიჯებს, იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატები ამას საჭიროდ ჩათვლის”.

მან თქვა,რომ დასავლელ მოკავშირეებს შორის იყო “გაზიარებული ვალდებულება” იმის თობაზე, რომ მოსკოვის ქმედებებს კარგად დააკვირდნენ და კრემლს პასუხი აგებინონ.

შეერთებული შტატების მთავარმა დიპლომატმა თქვა, რომ ოფიციალური პირები განხილვის “პროცესში არიან”, თუ ვაშინგტონი მოსკოვის წინააღმდეგ როგორ სანქციებს ან ქმედებებს გეგმავს და ეს ნატოს წევრ სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით ხდება.

“ჩვენ უფრო ძლიერი ვართ, როდესაც ამის კოორდინირებულად გაკეთება შეგვიძლია”, თქვასახელმწიფო მდივანმა.

“სი ენ ენ”-თან ინტერვიუში გაჟღერებული ბლინკენის კომენტარები ეხმაურება ბაიდენის გამონათქვამებს, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ, თავის წინამორბედთან, დონალდ ტრამპთან შედარებით უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა.

ორი კვირის წინ, “ეი ბი სი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს “მკვლელად” მიიჩნევს.

ნათელი არ არის თუ ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ რა ქმედებებს განიხილავს, მაგრამ მას რამდენიმე სადამსჯელო ღონისძიების გატარება შეუძლია, მათ შორის, ნებისმიერი პირის ამერიკული ქონების გაყინვა, რომელსაც დაუდგენენ, რომ ამერიკულ არჩევნებში პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩაერია, ან საზღვარგარეთიდან ჩართული იყო ისეთ “კიბერ” ქმედებებში, რომელიც შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.

ამასთან ერთად, 1991 წლის კანონი შეერთებული შტატების პრეზიდენტს საშუალებას აძლევს ამერიკულ ბანკებს აუკრძალოს კრედიტის გაცემა იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც ქიმიური იარაღი გამოიყენეს, როგორც სავარაუდოდ ნავალნის შემთხვევაში მოხდა.

წყარო: ამერიკის ხმა