აშშ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ უყურებს მსუბუქად რუსეთის მიერ უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს.

„პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის პოტენციური სასოწარკვეთის გათვალისწინებით, იმ წარუმატებლობების გათვალისწინებით, რაც მათ აქამდე ჰქონდათ სამხედრო თვალსაზრისით, არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია მსუბუქად აღიქვას ტაქტიკური ბირთვული იარაღის, ან დაბალი ეფექტურობის ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების საფრთხე”,– თქვა ბერნსმა CNN-ის ცნობით.

მისი განმარტებით, CIA ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს, თუმცა აშშ-ს ჯერ არ უნახავს რამე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ემზადება ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვნახეთ კრემლის მხრიდან გარკვეული რიტორიკული პოზიცია ბირთვული განგაშის მაღალ დონეზე გადასვლის შესახებ, ჯერჯერობით არ გვინახავს პრაქტიკული მტკიცებულება იმ ტიპის სამხედრო განლაგების შესახებ, რომლებიც ამ შეშფოთებას გააძლიერებს, მაგრამ ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით“, – აღნიშნა CIA-ს ხელმძღვანელმა.